მოხატული ისტორიული დოკუმენტები

საქართველოს სიძველთსაცავები, ჟამთა სვლისა და განადგურების მიუხედავად, ინახავს რამდენიმე ათეულ ათას XI-XIX საუკუნეების ქართულ და უცხოენოვან დოკუმენტს, რომელთა ნაწილი მოხატულობით არის შემკული. ქართული და აღმოსავლური დოკუმენტების დედნების მდიდარი კოლექციები თავმოყრილია ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის (Ad, Hd, Sd, Qd; Ard; Pd; Turd) და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს ეროვნული არქივის ძველი საისტორიო დოკუმენტების ფონდებში (.1448; .1452; .1452). საისტორიო საბუთების ნაწილი ასევე ინახება საქართველოს ეროვნული მუზეუმის . ამირანაშვილის სახელობის ხელოვნების და საქართველოს სხვადასხვა კუთხის სამხარეთმცოდნეო მუზეუმებში: ქუთაისში, გორში, ზუგდიდში, ბათუმში, ახალციხეში, თელავში; აგრეთვე საზღვარგარეთ - იერუსალიმის, ათონის და სინას მონასტრებში, თურქეთის, რუსეთის, ბულგარეთის სიძველეთსაცავებში.

ისტორიული დოკუმენტების მოხატულობა, როგორც შუა საუკუნეების მხატვრული კულტურის ერთ-ერთი გამორჩეული ფენომენი, ხელნაწერი წიგნის მოხატულობის პრინციპებისაგან განსხვავებით, ჩვენში ისევე, როგორც საზღვარგარეთ, საგანგებო კვლევის საგანი არ ყოფილა. მათ თაობაზე ცოტა რამ თუ იყო ცნობილი სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაც კი; დაუდგენელი რჩებოდა მოხატული დოკუმენტების რაოდენობა; ისინი არ ყოფილა გამოყოფილი ქართულ და აღმოსავლურ კოლექციებში დაცული ათეულ ათასობით დოკუმენტისაგან, არ არსებობდა მათი ერთიანი კატალოგი და არქეოგრაფიული აღწერილობა. მიუხედავად საბუთების ტექსტების მრავალრიცხოვანი პუბლიკაციებისა, ისინი სახელოვნებათმცოდნეო თვალსაზრისით ფაქტობრივად შეუსწავლელი იყო. მოხატული დოკუმენტების შესახებ ინფორმაციას მხოლოდ ტექსტების პუბლიკაციებში და სხვადასხვა სახის ალბომში შესული ცალკეული ფოტორეპროდუქციების სახით შეხვდებოდით; საკვლევი რჩებოდა განსხვავებული კულტურულ-რელიგიური არეალის სხვადასხვაენოვანი მოხატული დოკუმენტების ურთიერთმიმართება და მათი დამოკიდებულება  ქართული და აღმოსავლური ხელნაწერი წიგნის მხატვრული გაფორმების ზოგად პრინციპებთან. შესაბამისად, ქართული და ისლამური საისტორიო დოკუმენტები მხატვრული გაფორმების თვალსაზრისით ნაკლებად იყო შესწავლილი.

ქართული და აღმოსავლური მოხატული დოკუმენტებით დაინტერესება XIX საუკუნის შუახანებში დაიწყო, რაც უკავშირდება რუსეთის მპყრობელობისას, კავკასიის არქეოლოგიური კომისიის მიერ დოკუმენტების ტექსტების პუბლიკაციას და მხატვრულად გაფორმებული საბუთების ასლების დამზადებას. სწორედ იმ პერიოდში კომისიის დაკვეთით გაკეთდა ათი ქართული და თერთმეტი აღმოსავლური მოხატული დოკუმენტის ასლი. ეს ასლები რუსეთის დიდი მთავრის, მიხეილის სურვილით, 1866 წელს გაიგზავნა საიმპერატორო საჯარო ბიბლიოთეკაში. შემდგომ ხანებში ინტერესი მოხატული დოკუმენტისადმი ხანგრძლივი დროის მანძილზე მინელდა. საბჭოთა პერიოდიდან ერთადერთი გამონაკლისია ოთხი ათეული წლის წინ . მაჭავარიანის მიერ გამოქვეყნებული წერილი, რომელიც ქართულ-სპარსულ და სპარსულ მოხატულ ისტორიულ საბუთებს ეხება, აგრეთვე პოლემიკური ხასიათის წერილების სერია, რომელიც გარეჯის დაკარგული დოკუმენტის მინიატიურაში წარმოდგენილი გამოსახულების შოთა რუსთაველის პორტრეტთან გაიგივების საკითხს ეხება.

პროექტის  - „ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული ისტორიული დოკუმენტები საქართველოს სიძველეთსაცავებიდან“ - ფარგლებში საქართველოს  სიძველეთსაცავებსა და მუზეუმებში გამოვლინდა ორასამდე ქართული და აღმოსავლური მოხატული დოკუმენტი, მოხდა მათი დიგიტალიზაცია და შესწავლა კოდიკოლოგიური, ისტორიული და სახელოვნებათმცოდნეო თვალსაზრისით; მონაცემთა ბაზის, გამოკვლევის და ქართული, სპარსული და ოსმალური მოხატული დოკუმენტების კატალოგის მომზადება.