სპარსული დოკუმენტები

კოლექცია წარმოდგენილია როგორც ირანის სამეფო (სეფიანთა, ავშართა, ზენდების, ყაჯართა დინასტიების) კარიდან  გამოსული, აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს ქრისტიანი და გამაჰმადიანებული  მეფეების, ერევნის და დაღესტნის ნახევრად დამოუკიდებელი სახანოების ბეგლარბეგების და მელიქების მიერ XVI-XIX საუკუნეებში გაცემული, მდიდრულად გაფორმებული ფირმანების და ჰოქმების, სხვადასხვა საკანონმდებლო აქტების, ნასყიდობის, მზითვის, გვარიშვილობის დამამტკიცებელი და სხვა სახის საბუთებით.

საქართველოში დაცული სპარსული დოკუმენტების უმრავლესობა სეფიანთა ხანის მდიდრულად დეკორირებული ფირმანებია, რომლებიც გაცემულია ისფაჰანში შაჰ აბას I-ის (1587-29), შაჰ სეფი I-ის (1629-42), შაჰ აბას II-ის (1642-66), შაჰ სულეიმან I-ის (1666-94),  შაჰ სულთან-ჰუსეინის (1694-1722) და შაჰ თამაზ II-ის (1722-32) მიერ. მათ შორის განსაკუთრებულად მდიდრული და ფერადოვანია შაჰ სულთან-ჰუსეინის ფირმანები. ბრწყინვალებით, ფერთა სიუხვით და დახვეწილობით მათ მხოლოდ ყაჯართა პერიოდის მოხატული დოკუმენტები შეედრება.

სპარსული საბუთის ტექსტი პატარაა; მას, ჩვეულებრივ, ორმხრივ სტილიზებული მცენარეული მოტივებით გაფორმებული ორნამენტული ჩარჩო შემოფარგლავს, ტექსტის არე კი ჩარჩოს ორნამენტის შესაბამისი ფერადოვანი ყვავილოვანი მოტივებითაა მოფენილი. ხშირ შემთხვევაში, დეკორატიული ჩარჩოს ცენტრში, ტექსტის ზემოთ, დასმულია დეკორატიულ მოჩარჩოებაში ჩასმული ბეჭედი, რომელსაც კალიგრაფიასთან ერთად განსაკუთრებული მხატვრული ფუნქცია ენიჭება. სპარსული მოხატული საბუთებისათვის ასევე გამოიყენება ირანული წარმოების მზა მხატვრული ჩარჩოები, რომლებიც ხშირად გვხვდება იმ პერიოდის ისლამური ხელნაწერების გასაფორმებლად.