ოსმალური დოკუმენტები

კოლექცია XVI-XIX საუკუნეების დოკუმენტებითაა წარმოდგენილი. მათი ადრესატები არიან ოსმალეთის მიერ დაპყრობილი და მათზე დამოკიდებული რეგიონების _ ჩილდირის ვილაიეთის (ისტორიული სამცხე-საათაბაგოს ნაწილი) არისტოკრატია და მოლაშქრეები; აგრეთვე აღმოსავლეთ საქართველოს, ქართლის სამეფოს თავადები და აზნაურები, ზოგადად, ოსმალურ სამხედრო ლენურ სისტემას დაქვემდებარებული მოსახლეობა.

ოსმალური დოკუმენტების კოლექციიდან მაღალმხატვრულობით და კალიგრაფიულობით გამოირჩევა სულთან მურად III-ის (1574-95), მეჰმედ IV-ის (1648-87), მუსტაფა II-ის (1695-1703), აჰმედ III-ის (1703-30), მაჰმუდ I-ის (1730-54), მუსტაფა III-ის (1757-74), აბდულჰამიდ I-ის (1774-89), სელიმ III-ის (1789-1807) და აბდულჰამიდ II-ის (1876-1909) მიერ გაცემული ფირმანები, რომელთა შექმნის ადგილი, როგორც წესი, ”ღვთივდაცული კონსტანტინოპოლია”. ამ საბუთებს განსაკუთრებულ ბრწყინვალე იერს ანიჭებს კალიგრაფია და საბუთების გამცემი სულთნის ოქროთი ან შავი და წითელი მელნით შესრულებული თუღრა, აგრეთვე ფერადი საღებავებით შექმნილი ცალკეული დეკორატიული ელემენტები.