ქართული დოკუმენტები

ქართულმა ისტორიულმა დოკუმენტებმა ხანგრძლივი დროის მანძილზე აღბეჭდეს როგორც საქართველოს, ისე მისი მეზობელი ხალხების ისტორიული გეზის თანმდევი პოლიტიკურ-სოციალური და კულტურული ცვლილებები. ამ ურთიერთობების შესაბამისად, ისტორიის სხვადასხვა ეტაპზე, ქართული დოკუმენტების პარალელურად ადგილობრივ იურისდიქციაში ადგილს იმკვიდრებს როგორც ორენოვანი, ისე ბერძნული, სპარსული, არაბული, ოსმალური და რუსული დოკუმენტები.

ბიზანტიურ და პოსტბიზანტიურ პერიოდში ისტორიული დოკუმენტის შინაარსობრივი, სტრუქტურული და გარეგნული მხარე და მხატვრული გაფორმება მართლმადიდებლურ-ქრისტიანული დიპლომატიკური და კულტურული ტენდენციების ამსახველი იყო. ადრეული ხანის XI-XIII საუკუნეების ქართული დოკუმენტის გარეგნულ მხარეს მასალა, ფორმა, კალიგრაფია და დეკორატიული ხელრთვები განსაზღვრავდა. ქართული საბუთების მინიატიურებით შემკობა XIV-XV საუკუნეებიდან იწყება და უკავშირდება მათ გაფორმებას ისტორიულ პირთა პორტრეტებით და ქრისტიანული სიუჟეტებით. ბიზანტიის დაცემისა და სამხრეთ კავკასიის მაჰმადიანურ გარემოცვაში მოხვედრის შემდგომ ეს ტრადიცია ქართულ დოკუმენტებს განსხვავებულ პოლიტიკურ და კულტურულ გარემოში თვითმყოფად და დამოუკიდებელ სახეს უნარჩუნებდა და განასხვავებდა მას ისლამური დოკუმენტის მხატვრული გაფორმების პრინციპებისაგან.

XIV საუკუნიდან XIX საუკუნის დამდეგამდე პერიოდის მოხატულ დოკუმენტებს შორის მნიშვნელოვანია ქართველ მეფეთა, კათალიკოს-პატრიარქთა, საეკლესიო და საერო პირთა პორტრეტული გამოსახულებებით შემკული საბუთები. XIV-XVI საუკუნეების სასისხლო და შეწირულების აქტებზე გამოსახული არიან: ერთიანი საქართველოს უკანასკნელი მეფე გიორგი VIII (ერთიანი საქართველოს მეფე, 1446-66; კახეთის მეფე, 1466-76), იმერეთის მეფეები ალექსანდრე II (1484-1510) და ბაგრატ III (1510-65), ქსნის ერისთავი შალვა ქვენიფნეველი (1470), ერისთავი ვამეყ შაბურისძე და მისი თანამეცხედრე დულარდუხტი (1494), კათალიკოს-პატრიარქი დოროთეოs III (1584-95); საქტიტორო გამოსახულებების სიმრავლით განსაკუთრებით გამოირჩევა XVII-XVIII საუკუნეების ქართლის, კახეთის, იმერეთის მეფეების და სასულიერო პირების მიერ გაცემული შეწირულების და წყალობის აქტები, რომლებშიც წარმოდგენილი არიან: კახეთის მეფეთა საქტიტორო რიგი, ლევანი (1518-74), ალექსანდრე II (1574-1605), დავით ბატონიშვილი (I, კახეთის მეფე, 1601-02), თეიმურაზ I (კახეთი, 1606-48; ქართლ-კახეთი, 1625-32), ბატონიშვილი თეიმურაზი (II, კახეთის გამგებელი 1709-15; მეფე 1733-44; ქართლის მეფე, 1744-62), დავით II იმამყული-ხანი (კახეთის ჯანიშინი, 1703-09; მეფე, 1709-22), ერეკლე I ნაზარალი-ხანი (ქართლის მეფე, 1688-1703), კონსტანტინე II მაჰმადყული-ხანი (კახეთის მეფე, 1722-32),  არჩილ II (კახეთის მეფე, 1664-75; იმერეთის მეფე, 1661-63, 1678-79, 1690-91, 1695-96), კათალიკოსი დომენტი III (1660-75), შაჰნავაზ-ხანი (ქართლის ჯანიშინი, 1717-23), გიორგი ბატონიშვილი (1712), რუსეთის იმპერატორი პეტრე I დიდი და იმპერატრიცა ეკატერინე I (1725),  გიორგი XII (ქართლ-კახეთის მეფე, 1798-1800), სოლომონ II  (იმერეთის მეფე, 1789-1810).

XVI-XVIII საუკუნეებში, სეფიანთა ირანისა და ოსმალეთის მიერ საქართველოს ცალკეული მხარეების ინკორპორაციის პირობებში, ყოფასა და კულტურის ყველა სფეროში მოძალებული ისლამური კულტურის ზემოქმედება და გავლენები აღიბეჭდა როგორც ქართული საერო ხელნაწერი წიგნების, ისე დოკუმენტების მაირანიზებელი ტენდენციებით განმსჭვალული ქართული და ქართულ-სპარსული ორენოვანი საბუთების - მოხატულობაში.

XVIII საუკუნიდან, ახალი პოლიტიკური ვითარების კვალად, საქართველოს რუსეთის გავლენის სფეროში მოქცევის შედეგად ქართული ხელოვნება დასავლეთ ევროპისა და რუსული კულტურის გავლენის არეალში მოექცა; შეიცვალა ქართული დოკუმენტების მხატვრული გაფორმების ხასიათიც. ევროპული და რუსული სამინიატურო ხელოვნების შესაბამისად იმ პერიოდში ფართოდ ვრცელდება გეომეტრიული, მცენარეული, ანტროპომორფული და ზოომორფული მოტივებით გაფორმებული, ინიციალებით და საგერბო გამოსახულებებით შემკული საბუთები.